
ივანე ჩხაიძე: "ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა"
29/11/2021 06:14:44 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი მუტაციების შესაკავებლად ეფექტური საშუალება "ბუსტერ" დოზების გაკეთება იქნება.
"თუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდება გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა. ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ "ბუსტერ" დოზების გაკეთება. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს "ბუსტერ" დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა.
წინასწარი შეფასებით, კოორნავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე „დელტა“, რომელიც მსოფლიოში უკვე ფართოდაა გავრცელებული. მეცნიერებს, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე დღეს არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკის რეგიონთან ავიამიმოსვლა შეაჩერა და აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.
ცნობისთვის: 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.