"ომიკრონის" გამო "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები საგანგებო სხდომას მართავენ
29/11/2021 05:54:28 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც „დიდი შვიდეულის“ (G7) მოქმედი თავმჯდომარეა, გაერთიანების ჯანდაცვის მინისტრების სხდომა მოიწვია კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი სახეობა „ომიკრონის“ აღმოჩენის გამო. სხდომა დღეს ჩატარდება.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა.
წინასწარი შეფასებით, კოორნავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე „დელტა“, რომელიც მსოფლიოში უკვე ფართოდაა გავრცელებული. მეცნიერებს, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე დღეს არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკის რეგიონთან ავიამიმოსვლა შეაჩერა და აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.
ცნობისთვის: 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
- სამხრეთ აფრიკა
- ბოცვანა
- ზიმბაბვე
- ნამიბია
- ლესოტო
- ესვატინი (სვაზილენდი)
- მოზამბიკი
- მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.


