„ერდოღანი არასდროს გვაპატიებდა“ – ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ გასცა რუსი მებრძოლების დაკავების ნებართვა
26/11/2021 16:42:24 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ისაუბრა მედიასთან, თუ რატომ არ გასცა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავებისთვის ნებართვა. საუბარია 2020 წლის მოვლენებზე. კერძოდ, გასული წლის 29 ივლისს ბელარუსში დააკავეს „ვაგნერის“ 33 მებრძოლი, თუმცა შემდეგ ისინი რუსეთს გადასცეს. მოგვიანებით უკრაინული მედია წერდა, უკრაინული სპეცსამსახურები დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის „ვაგნერის“ მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ამზადებდნენ: „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ავტობუსით უნდა ჩასულიყვნენ, საიდანაც თვითმფრინავით სტამბოლისკენ გაემგზავრებოდნენ, ხოლო უკრაინელ სპეცსამსახურებს ლაინერი თვითმფრინავში არსებული საფრთხის საბაბით, უკრაინაში უნდა დაესვათ, სადაც მებრძოლებს დააკავებდნენ. თუმცა, ოპერაცია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვნებმა საქმის კურსში პრეზიდენტის ოფისი ჩააყენეს.
ზელენსკის საკუთარი როლი და თავად ხსენებული გეგმის არსებობა არ უარუყვია, მეტიც, მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელ ვასილ ბურბასთან საუბარი გაიხსენა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ ნებართვის გაცემა არ შეიძლებოდა:
„წარმოიდგინეთ, რომ თურქული ავიახაზების თვითმფრინავი მოფრინავს მინსკიდან, იქ იქნებიან რიგითი ადამიანები, თურქეთის მოქალაქეები და არა მხოლოდ – 100-ზე მეტი ადამიანი. თვითმფრინავი დაეშვება უკრაინაში და მაქვს შეკითხვა: მებრძოლებმა, რომ თვითმფრინავი ხელში ჩაიგდონ, შესაძლებელია? – შესაძლებელია. იქნებ მათ თვითმფრინავი გაიტაცონ და ყველა ადამიანი დაიღუპოს?“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას აქვს განცდა, რომ კიევის ანკარასთან სკანდალში ჩათრევას ცდილობენ, ხოლო გეგმა დეტალურად არ იყო დამუშავებული:
„მზად ვარ, ნებართვა გავცე ნებისმიერ ოპერაციაზე, ამაზეც კი, თუ დეტალურად იქნება გათვლილი ყველაფერი და ადამიანები არ დაზარალდებიან. ერდოღანი ამას არასდროს გვაპატიებდა. მე მასთან ისეთ საკითხებს განვიხილავ დახურულ კარს მიღმა... ის ჩვენ გვეხმარება. მე არასდროს შევეჯახებოდი ამ კედელს“.


