ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის შესახებ იუწყება
26/11/2021 09:21:41 მსოფლიო
ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის შესახებ იუწყება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 32 მუტაციის მქონე ახალი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ისრაელშიც დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი ვარიანტით ინფიცირებულია ქვეყანაში დაბრუნებული 3 მოქალაქე. სამივე ვაქცინირებულია და კარანტინში იმყოფებიან.
ისრაელმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.
ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“.
ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ცნობისთვის: მეცნიერები Covid–19–ის ახალ შტამზე (B.1.1.529 ) იუწყებიან, რომელიც 32 მუტაციას შეიცავს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი ვარინტი შესაძლოა, უფრო მეტად გავრცელებადი იყოს და უკვე არსებულმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებმა შესაძლოა, მის წინააღმდეგ ეფექტურად აღარ იმუშაოს. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.


