რა შეზღუდვებს უწესებს იტალია არავაქცინირებულებს 6 დეკემბრიდან და მედიკოსების შემდეგ ვისთვის გახდება ვაქცინაცია სავალდებულო
25/11/2021 06:35:12 მსოფლიო
იტალიის მთავრობამ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
- 6 დეკემბრიდან რესტორნებში, ბარებში, კაფეებში და კინოთეატრებში წასვლისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებიც ვაქცინაციის ან "კოვიდ 19"-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. მოქალაქეს აღნიშნულ ობიექტებზე "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაშიც არ შეუშვებენ.
როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, შეზღუდვა 6 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იმოქმედებს, თუმცა მის გახანგრძლივებასაც არ გამორიცხავენ.
ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად:
- ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის. დღემდე იტალიაში ვაქცინაცია სავალდებულო იყო ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისა და მოხუცთა მზრუნველობის სახლების თანამშრომლებისთვის.
- "მწვანე პასპორტი" იქნება საჭირო, მათ შორის სასტუმროში შესვლისთვის, რეგიონალური ან ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის.
"მწვანე პასპორტში" უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული (ორივე დოზა), ან ბოლო 48 საათში აღებული "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს, (ტესტის გაკეთება ფასიანია) ან მითითებული უნდა იყოს, რომ პირი კოვიდ–19–სგან 6 თვის წინ განიკურნა.
იტალიაში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ძირითადად – ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ამ დროისთვის იტალიაში 12 წლის ზემოთ მოსახლეობის 84%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. იტალიაში, ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით, 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 100-მდე ადამიანი იღუპება.


