
ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ: "ჩვენს უფლებებს არაფრად აგდებენ და ისევ ვიღაც მილიონერებს ემხრობიან"
24/11/2021 08:21:08 საზოგადოება
გორის მუნიციპლიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალური ავტობანის გადაკეტვას ცდილობს. ისინი ამ ფორმით საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ და პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. პოლიციამ ბარიერები შეუქმნა ადგილზე შეკრებილებს, რათა დემონსტრანტებმა ავტობანზე გადასვლა ვერ მოახერხონ.
"სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, დავიცავთ. უკან დასახევი არ გვაქვს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მიწები სოფელს არ დაუბრუნდება.
"მიწები წაგვართვეს, გაგვიყიდეს ყველაფერი, გაგვანადგურეს, არაფრის საშუალებას არ გვაძლებენ. 200 ჰექტარი მამული გაგვიყიდეს, სახნავ-სათესი 120 ჰექტარი და საძოვარი 75 ჰექტარი. ჩვენს უფლებებს არაფრად აგდებენ და ისევ ვიღაც მილიონერებს ემხრობიან", - აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
"მშივრები ვიხოცებით. ამოდენა სოფელია. 2 ძროხა მყავს. ერთი თავი ყველი უნდა გავყიდო და პური ვიყიდო, რომ ოჯახს ვაჭამო რამე. 8 სული ვართ სახლში", – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
დემონსტრანტებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. მისი თქმით, აღნიშნული მიწები წინა ხელისუფლების დროს ინდოეთის მოქალაქეებზე გასხვისდა. წინა მფლობელის დროს ადგილობრივებს ტერიტორიის საძოვრებად გამოყენებას არ უშლიდნენ. თუმცა ცოტა ხნის წინ მიწები ქართველმა ინვესტორმა იყიდა და ტერიტორიის დამუშავება დაიწყო.
სოფელში ხმაური და დაპირისპირება 20 ნოემბერს მოხდა, როდესაც მიწის ახალმა მეპატრონემ ფართობის დამუშავება დაიწყო. ადგილობრივები ტრაქტორის დამუშავების შემდეგ პროტესტის ნიშნად თხრილში ჩაწვნენ.
ადგილობრივების თქმით, გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარია და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს.