თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საპროტესტო აქციები მოჰყვა (ვიდეო)
24/11/2021 07:13:52 მსოფლიო
თურქეთში, ანკარასა და სტამბულში მოქალაქეებმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.
„სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ საფლავში, ხალხი - ხელისუფლებაში", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს, რომ სტამბოლსა და ანკარაში შეკრებილ მომიტინგეებს სამართალდამცავები გზას უკეტავენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
23 ნოემბერს თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ფასმა 13 ლირას გადააჭარბა. 2021 წლის დასაწყისიდან კი თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული.


