Accentnews.ge
"ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, დაახლოებით იგივე სამსახურს ეძებს, რაც შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე"

"ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, დაახლოებით იგივე სამსახურს ეძებს, რაც შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე"

23/11/2021 19:52:30 პოლიტიკა, საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შრომისუნარიანი სოცდაუცველების დასაქმების ინიციატივაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი წინადადება საზოგადოებრივი შრომის შესახებ წარმატებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სოციალურ დახმარებას 600 000 ადამიანი იღებს, მათი ნახევარი - 300 000 მოქალაქე შრომისუნარიანია, თუმცა, "არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში, ვინაიდან ისინი სოციალური დახმარების მძევლები არიან - აქვთ შიშის განცდა, რომ თუ ის გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას".

"ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობის და უპერსპექტივობის, არამედ, იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ, დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს", – განაცხადა პრემიერმა "პირველი არხის" ეთერში.

მისი თქმით, დაწყებულია კონკრეტული სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება:

"მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გამოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? დაახლოებით იგივე სამსახურს – იქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება, სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S