
ლომჯარია - "ოცნების" წარმომადგენლებზე: "არ მიმაჩნია სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად, პირველ რიგში - თავმჯდომარე"
23/11/2021 17:51:26 საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიიჩნევს, განსაკუთრებით არასერიოზულად კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიაჩნია.
სახალხო დამცველის თქმით, 4 წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი, მათ შორის – იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდანაც, თუმცა ახლა, მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან შეტევა კიდევ უფრო მეტად საშიშია:
"აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო. თავიდან ამ ყველაფერს არ შევხედე სერიოზულად იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში. თუმცა, ამას ჰქონდა ძალიან დამაშინებელი ეფექტი ჯგუფის წევრი ექიმების მიმართ იმიტომ, რომ ეს მათთვის იყო მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არის შეჩვეულები მსგავს რამეს. უცებ აღმოაჩინეს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო დაემუქრნენ".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს ომბუდსმენისა და რიგი ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობის" შესაძლო დადგომაზე ისაუბრა.