
ექიმი – სააკაშვილზე: "ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი პრობლემები კვლავ არსებობს, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას"
23/11/2021 16:35:32 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმის თენგიზ წულაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ბოლომდე გაუმჯობესებული არ არის.
"სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია. ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდევ, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება კითხვას, შეძლებს თუ არა, სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია:
„29-მდე არის კიდევ 6 დღე და შეიძლება, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. შესაძლებელია, რომ გაუმჯობესდეს და დაესწროს, მაგრამ ეს ნათქვამი 100%-იანი არ არის. დღეს შეიძლება, ვურჩიო, რომ არ დაესწროს, მაგრამ 6 დღის მერე, შესაძლოა, გაუმჯობესდეს. რომ გითხრათ, რომ მძიმე, შეუქცევადი მდგომარეობა არის მოსალოდნელი, არა".