
როდისთვის ვარაუდობს უკრაინა ქვეყანაში რუსეთის შეჭრას და რა შეიარაღების გაგზავნას აპირებს ვაშინგტონი კიევისთვის
23/11/2021 10:23:58 მსოფლიო
უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრის გამო აშშ უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებით იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. პარალელურად, რუსეთის შესაძლო შეჭრის საპასუხოდ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოკავშირეებს ამზადებენ, – იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
რა შეიარაღების გაგზავნას აპირებს ვაშინგტონი კიევისთვის
გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების და ნაღმტყორცნების ახალი პარტიის გაგზავნას გეგმავს. ამასთან, განიხილება პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების „სტინგერის“ და რუსეთიდან ადრე შეძენილი „Mi-17“-ის ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი.
CNN–ს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის რიგი წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ "სტინგერებისა' და ვერტმფრენების გაგზავნამ შესაძლოა, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას შეუწყოს ხელი.
"ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები საკმაოდ ეფექტურია "T-80" ტანკების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსები რეალურად იყენებენ ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში. თუმცა უკრაინისთვის ნებისმიერი დამატებითი დახმარების გაგზავნა მოსკოვთან დაძაბულობის გაძლიერების რისკს უდავოდ გაზრდის", განუცხადა გამოცემას გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა სედრიკ ლეიტონმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის სანქციების ახალი პაკეტით ემუქრებიან
გარდა ამისა, CNN–ს ინფორმაციით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაწესდეს.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა კონგრესში 2022 წლის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადება წარადგინეს, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის ოფიციალურ პირებზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინზე და რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც CNN იუწყება, უკრაინამ დაიწყო საჯარო გაფრთხილება, რომ შეჭრა შეიძლება, მოხდეს იანვრის დასაწყისში.
ცნობისთვის: გუშინ რუსეთის საგარეო დაზვერვა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მსგავსი ვითარება 2008 წლის მოვლენებამდეც იყო".
"აშშ და ევროკავშირი კიევს მიზანმიმართულად უძლიერებენ ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას, რაც 2008 წლის მოვლენების წინა პერიოდის საქართველოს ვითარებას ჰგავს, როცა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა" და შეეცადა რუსეთის მშვიდობის დამცველების და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას. მას ეს ძვირად დაუჯდა". [...] ბოლო დროს ვაშინგტონელი ჩინოვნიკები აქტიურად მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობის დაშინებას, თითქოს რუსეთი "აგრესიისთვის" ემზადება უკრაინასთან მიმართებით. კერძოდ, არსებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური არხებით აწვდის თავის პარტნიორებს და მოკავშირეებს სრულიად მცდარინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჯარის კონცენტრირების შესახებ, უკრაინაში შეჭრის მიზნით", – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის სადაზვერვო უწყებას ამ განცხადებაში მაგალითისთვის მოჰყავს გებელსის ციტატა - რომ "რაც უფრო წარმოუდგენელია სიცრუე, მით უფრო ენთუზიაზმით იჯერებს მას ბრბო" და დასძენს, რომ ეს ეწერება "დასავლეთის ანტირუსულ კურსში".
რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობა "ცივი ომის" შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დაძაბულობას იწვევს ბევრი საკითხი, მათ შორის – რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევა, მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსირება, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, კიბერთავდასხმები, რომლებშიც რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბედი. დასავლეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებაზე უკრაინის საზღვართან, მოსკოვის გაღიზიანებას კი იწვევს ნატო–ს წევრი ქვეყნების გახშირებული საზღვაო ვიზიტები შავ ზღვაში.