Accentnews.ge
„თურქული სამყარო“  და ერდოღანის გზავნილი პუტინისადმი

„თურქული სამყარო“  და ერდოღანის გზავნილი პუტინისადმი

22/11/2021 14:22:30 ანალიზი

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტი ყურადღების ცენტრში მოექცა რუკის გამო, რომელიც მან საჩუქრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზეიმო ვითარებაში მიიღო. საინტერესოა, რომ „თურქული სამყაროს“ რუკაზე, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა დევლეთ ბახჩელიმ უსახსოვრა, დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით, 20 რეგიონი და ჩინეთის ნაწილი. კერძოდ, რუკის მიხედვით, თურქულ სამყაროში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე, ასევე კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქის ნაწილი, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები. თავად რეჯეფ თაიფ ერდოანს და დევლეთ ბახჩელის ამ რუკის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, რამდენიმე დღის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდნენ კრემლშიც, ხოლო მოგვიანებით კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ტელეკომპანია „როსია 1“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ირონიული კომენტარით შემოიფარგლა.

„ჩვენი თურქი პარტნიორები ატარებენ თურქების ერთიანობის იდეას, რაც ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც მე ვწუხვარ, არის ის, რომ რუკაზე თურქული სამყაროს ცენტრში არ დგას წითელი ვარსკვლავი. ის (ცენტრი) არა თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ალტაიში, ნებისმიერი თურქისთვის იმ წმინდა ადგილზე მდებარეობს, საიდანაც მათი მოდგმა იღებს დასაბამს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამას ამბობს როგორც თურქოლოგი.

რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის „მადის“ უკიდურესად ზრდის ფონზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჟესტს „საინტერესო სიურპრიზს“ უწოდებს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია რუსეთ–თურქეთის ურთიერობების ხარისხისა:

„რუსეთ–თურქეთის ურთიერთობა ნელ–თბილი იყო, არის და დიდი ალბათობით, მომავალშიც ასეთად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ გრძელვადიანი საერთო მიზნები, რასაც სტრატეგიული თანამშრომლობა ემყარება“.

როგორც ბატიაშვილი „აქცენტთან“ განმარტავს, ხსენებული რუკა თურქეთის ნაციონალისტურ წრეებში ძალზედ პოპულარულია, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში იქნა აყვანილი – რუკა თურქეთის ლიდერს დემონსტრაციულად პრეზიდენტის სასახლეში გადასცეს, სწორედ ეს გარემოება ხდის ხსენებულ რუკას და ჟესტს საინტერესოს, რასაც რუსეთის გაღიზიანება ნამდვილად მოჰყვა:

„ეს რუკა ბევრ რამეს ამბობს: იმ დროს, როდესაც რუსეთს იქეთ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები იგივე უკრაინის მიმართ, აგრესიულად მოქმედებს, მათ შორის თურქეთთან მიმართებაშიც – თურქეთმა უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა უკრაინას, ამას მოჰყვა რუსეთის გაღიზიანება და არაოფიციალური ემბარგო თურქეთის სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქციაზე, სწორედ ამის გაგრძელება იყო რუკის საკითხი, რასაც რუსეთის მხრიდან გარკვეული ირონიული განცხადებები მოჰყვა“.

ბატიაშვილი ფიქრობს, რომ რუკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მითებს დასავლეთის წინააღმდეგ თურქეთ – რუსეთის შეთანხმებისა და ერთობლივი ქმედებების თაობაზე „ხაზი გადაესვა“:

„ვიმეორებ, მათი თანამშრომლობა არის არა სტრატეგიული, არამედ –ტაქტიკური: ვაჭრობენ და ივაჭრებენ ნავთობპროდუქტებთან, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ტურიზმის სფეროში, მაგრამ გრძელვადიანად თანამშრომლობა არ გამოუვათ“.

კითხვაზე, რისი დემონსტრირება სურდა თურქეთის ლიდერს ხსენებული ჟესტით, ბატიაშვილი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • გზავნილი კრემლისადმი, რომ რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული არაოფიციალური ემბარგო შეუმჩნეველი არ დარჩენილა და რომ თურქეთს აქვს გარკვეული ინტერესი იგივე რუსეთის ტერიტორიაზე;
  • გზავნილი დასავლეთისადმი, რომ თურქეთი საჭირო აქტორია რუსეთის წინააღმდეგ ამ საერთო დიდ დაძაბულობაში, მათ შორის პრობლემებში, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება.

„ვიცით, რომ დასავლეთსა და თურქეთს შორის მთელი რიგი პრობლემები არსებობს და ოფიციალური ანკარა მათ ასე ვთქვათ, „მეგობრობის ხელს“ უწვდის. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებას, შესაძლოა, რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს ბოლო შანსია იმ დიდი გეგმის კონტექსტში, რომელიც პუტინს აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით (ზოგი მას საბჭოთა კავშირის, ზოგიც გავლენის სფეროების აღდგენას უწოდებს), რადგან უკრაინა, რომელსაც დახმარებას დასავლეთი უწევს, ძლიერდება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, ამიტომ. თუ ეს პუტინის თავში გადაწყვეტილია, შეიძლება, ვიხილოთ დიდი საბრძოლო მოქმედებები. მით უფრო, რომ როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის ქვეყნების სამხედრო სადაზვერვო სამსახურები ღიად საუბრობენ, რომ რუსეთში მსგავსი მზადება არსებობს“.

ამავე კონტექსტში ახსენებს ბატიაშვილი თურქეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და დარწმუნებულია, რომ პროცესების უარესი სცენარით წარმართვის შემთხვევაში, თურქეთი „თავის სიტყვას იტყვის“ და შესაძლოა, მეტი იარაღიც მიაწოდოს უკრაინას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S