
აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
15/08/2019 14:38:06 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმიანება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან განაახლეს. ისინი საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.