ბელგიაში, ნიდერნალდებში, ავსტრიაში, ხორვატიასა და იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს (ვიდეო)
22/11/2021 07:01:45 მსოფლიო
ევროპის რამდენიმე ქვეყნაში – ბელგიაში, ნიდერნალდებში, ავსტრიაში, ხორვატიასა და იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მოგვიანებით, აქციები ძალადობაში გადაიზარდა, – იუწყება BBC.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ დემონსტრანტის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
BBC–ს ცნობით, აღნიშნულს სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც აქციის მონაწილეებმა ძალოვანების მიმართულებით ქვებისა და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს.

დემონსტრანტების უმთავრესი მოთხოვნა კოვიდ-პასპორტების გაუქმება იყო. ბელგიაში, საჯარო თავშეყრის ადგილებში მოქალაქეები მხოლოდ სრულად ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტით დაიშვებიან. გარდა ამისა, ქვეყანაში ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესების გამო მთავრობამ ისევ დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის გაამკაცრა პირბადეების გამოყენების წესი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო აცრა მოითხოვა.
ბელგიის გარდა აქცია გაიმართა ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში. ჰააგაში აქციის მონაწილეებმა ველოსიპედებს ცეცხლი წაუკიდეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცხენები, ძაღლები და ხელკეტები გამოიყენა. ოფიციალურმა პირებმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, შვიდი დემონსტრანტი.
ამის შემდეგ აქციები გაგრძელდა როტერდამში, სადაც პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლაც ჰქონდა. დაჭრილია, სულ მცირე, სამი ადამიანი. დაკავებულია 50-ზე მეტი დემონსტრანტი. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს 5 სამართალდამცავი დაშავდა.
აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი "ლოკდაუნის" გამოაცხადებას აპროტესტებდნენ. ნიდერლანდის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ. ქვეყანაში ისევ ამოქმედდა 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვის წესი. ამასთან, აკრძალულია 4 პირზე მეტის შეკრება.
შეზღუდვების და შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიც. არეულობის მცდელობისთვის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო ავსტრიაში დღეიდან ე.წ. ლოკდაუნი კვლავ ამოქმედდა. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა გეგმავს, მომავალი წლის თებერვლიდან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.

ხორვატიაში დედაქალაქ ზაგრების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები საჯარო სექტორის მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა იტალიაშიც. რომის ქუჩებში შეკრებილმა დემონსტრანტებმა "მწვანე სერთიფიკატის" შემოღება გააპროტესტეს.



