Accentnews.ge
ვინ დაჯარიმდება და რამდენით "მწვანე პასპორტის" არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო

ვინ დაჯარიმდება და რამდენით "მწვანე პასპორტის" არმქონე პირის ობიექტზე შესვლის გამო

22/11/2021 06:53:29 საზოგადოება

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, "მწვანე პასპორტის" არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს.

მისი თქმით, რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

"შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1 დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა. შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას", - განაცხადა ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის" კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის:

  • პირს მწვანე პასპორტი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ;
  • ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • ან წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი.

1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას, ესენია:

  • კვების ობიექტები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
  • სამორინეები;
  • სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების - საბაგირო გზები;
  • ბარების ღია და დახურული სივრცეები.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "მწვანე პასპორტს" მოსთხოვენ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს და არა იქ მომუშავე ადამიანებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S