პოლონეთის ცნობით, ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირში შეღწევის ახალ გზებს სთავაზობს
21/11/2021 20:25:55 მსოფლიო
პოლონეთი აცხადებს, რომ ბელარუსმა სასაზღვრო კრიზისში ტაქტიკა შეცვალა და ახლა ადამიანთა მცირე ჯგუფებს ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვრის რამდენიმე სხვადასხვა წერტილისკენ აგზავნის,– იუწყება "გარდიანი".
პოლონეთის საზღვრის მცველებმა საზღვრის გადაკვეთის ახალი შემთხვევები დააფიქსირეს, როცა ძირითადად 12-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები ცდილობდნენ პოლონეთში შეღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, მიგრანტების საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა კრიზისის შემსუბუქების ინდიკატორად მიიჩნეოდა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშაკი აცხადებს, რომ ის ამ შეცვლილი ტაქტიკის გამო საზღვართან დაძაბულობის გახანგრძლივებას ელის.
„ახლა ბელარუსის სამსახურებმა და მიგრანტებმა ოდნავ განსხვავებული, ახალი მეთოდი შეიმუშავეს. ადამიანთა მცირე ჯგუფები ბევრ სხვადასხვა ადგილას ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას. ეჭვგარეშეა, რომ ამ თავდასხმების ორგანიზატორი ბელარუსის სამსახურებია.
ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ გარემოებისთვის, რომ ეს პრობლემა თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მე ეჭვი არ მეპარება რომ ასე მოხდება“ - განაცხადა მინისტრმა.


