
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
20/11/2021 13:46:06 საზოგადოება
სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.
“ხვალ იქნება ბრძანება, რომ არა მარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში.
გვაქვს ყოველკვირეული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით. ზედამხედველობა კარგად არის აწყობილი. ჯერ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.