"სულ ცოტა დრო რჩება" – აშშ ევროპას რუსეთის სამხედრო განზრახვების შესახებ აფრთხილებს
20/11/2021 07:54:00 მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ნატოელ მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს სულ ცოტა დრო რჩებათ რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად უკრაინაში,– იუწყება New York Times პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ კრემლში ჯერ არ მიუღიათ რუსეთ-უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული საჯარისო დანაყოფების ამოქმედების გადაწყვეტილება, თუმცა დიდი რაოდენობა და შემადგენლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის ხელისუფლების განზრახვებთან დაკავშირებით.
აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი 19 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ვალერი ზალუჟნის. საუბრის თემას წარმოადგენდა რეგიონში რუსეთის არმიის „განგაშის გამომწვევი“ აქტიურობა.
New York Times-ის ცნობით, ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განიხილავს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ან უკრაინის მეტი ტერიტორიის დაკავების ანდა დესტაბილიზაციას, რათა ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი.
ექსპერტების ნაწილის აზრით, პუტინი შესაძლოა, ემყარებოდეს იმედს, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ევროპელები ვერ გადადგამენ გადამწყვეტ ნაბიჯებს რუსეთის პოტენციური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ.
New York Times-ის წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ ევროპულ ქვეყნებს, შემუშავდეს ერთობლივი გეგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად. ამ გეგმის მნიშვნელოვან ნაწილად სანქციები განიხილება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ვორონეჟის ოლქის ქალაქ პავლოვსკთან ახლოს ბოლო პერიოდში შეინიშნება რუსეთის არმიის დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა, ტანკების, „ჰაუბიცები“ და „ისკანდერის“ რაკეტები.


