უკრაინამ აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა
19/11/2021 21:09:06 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას სამხედრო დახმარება მოითხოვა რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე.
მან აშშ–ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ–ში უკრაინის საელჩოში ჟურნალისტებს საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო და საზღვაო საშუალებების გაძლიერება რუსეთის მუქარების შესაჩერებლად, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა:
"აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საფასური ძალიან მაღალი იქნება".
უკრაინელი მინისტრის თქმით, მან "ძალიან ძლიერი" დაპირება მიიღო ოსტინისგან, რომ აშშ-ი უკრაინას მხარში ამოუდგება.
უფრო ადრე ოფიციალური კიევი უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ 90 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების შესახებ იუწყებოდა. აღნიშნულს მოყვა დასავლეთის შეშფოთება კრემლის მხრიდან ქვეყანაში შესაძლო შეჭრის თაობაზე.
18 ნოემბერს რეზნიკოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ყურადღებით აკვირდება" რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის საზღვართან და "მტკიცე მხარდაჭერა" გამოხატა კიევის მიმართ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და მხარს უჭერს მებრძოლებს უკრაინის აღმოსავლეთის ორ პროვინციაში. კონფლიქტმა, რომელიც დღემდე გრძელდება, სულ მცირე, 13200 სიცოცხლე იმსხვერპლა.
რუსული აგრესიის გამო აშშ-მა დაიწყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით, 250 მილიონ დოლარს შეადგენს წელიწადში.


