ავსტრია "ლოკდაუნს" უბრუნდება
19/11/2021 19:21:16 მსოფლიო
ავსტრია მომავალი კვირიდან შეზღუდვებს, ე.წ. "ლოკდაუნს" უბრუნდება კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად ზრდის გამო.
"სრული შეზღუდვები დაიწყება 22 ნოემბერს და თავდაპირველად 10 დღეს გასტანს, – განაცხადა ქვეყნის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა.
მომავალი კვირიდან ავსტრიელებს მოეთხოვებათ სახლიდან მუშაობა; მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მაღაზიები დაიკეტება და სკოლები ღია იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც დასწრებული სწავლა ესაჭიროებათ. მოქალაქეები საცხოვრებლის დატოვებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მიზეზებით, რომელთა შორისაა საკვები პროდუქტების ყიდვა, ექიმთან ვიზიტი ან სავარჯიშოდ გასვლა.
მანამდე კი ხელისუფლებამ აუცრელებს დაუწესა "ლოქდაუნი".
ამასთან, როგორც შალენბერგმა განაცხადა, 2022 წლის 1 თებერვლიდან აცრა სავალდებულო იქნება.
გასული 24 საათის განმავლობაში ავსტრიაში ინფიცირების 15 809 შემთხვევა აღირიცხა.
კოვიდ-19-ზე ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედია სრულად აცრილი. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. შეზღუდვის ზომებს ართულებს ევროპის ბევრი სხვა ქვეყანა.


