Accentnews.ge
"მოვუწოდებ ყველა ორსულს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცილებლად აიცრას"

"მოვუწოდებ ყველა ორსულს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცილებლად აიცრას"

19/11/2021 13:19:08 საზოგადოება

შეიძლება თუ არა ორსულის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა? რომელი ვაქცინით უნდა აიცრას? ან რა გართულება შეიძლება, განვითარდეს ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ, თუ არ ვიქნებით ვაქცინირებულები? - ამ და სხვა კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან- გინეკოლოგი, ბატონი დავით გაგუა პასუხობს.

- უნდა აიცრას თუ არა ორსული?

- უნდა აიცრას კი არა, აუცილებლად უნდა აიცრას, იმიტომ რომ ორსულებს ძალიან მძიმედ გადააქვთ დაავადება და ვაქცინა იცავს მათ, რაც მთავარია, იცავს ლეტალური გამოსავლისგან.

- ხშირ შემთხვევაში, ორსულებს ეშინიათ, რომ ვაქცინა ნაყოფზე იმოქმედებს...

- „ფაიზერის“ ვაქცინამ მიიღო ავტორიზაცია, სადაც, პირველ რიგში, პაციენტის უსაფრთხოებაა დაცული და, შესაბამისად, ბევრი კვლევის შემდგომ დადგინდა, რომ, რისკის და სარგებლის შედარებისას, აუცილებელია აცრა. პაციენტის აცრის შემთხვევაში მისი სიცოცხლე დაცული იქნება, შესაბამისად, ის დაავადებასაც ადვილად გადაიტანს.

- და ის არ იმოქმედებს ნაყოფზე?

- ის არ მოქმედებს ნაყოფზე და ორსულობაზე, არც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. არცერთმა კვლევამ ეს არ დაადასტურა.

- გადაეცემა თუ არა ანტისხეულები ჩვილს ლაქტაციის პერიოდში?

- ზუსტად იმის თქმა, რომ გადაეცემა, არ შეგვიძლია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირიბად მაინც იცავს ახალშობილს. შესაბამისად, ვაქცინაცია იცავს დედას და, აქედან გამომდინარე, ირიბად იცავს ახალშობილსაც.

- ბატონო დავით, თქვენი მონაცემებით ბევრი ორსული აიცრა, თუ ჯერ კიდევ ეშინიათ?

- როცა ნახეს, რომ კოვიდინფექციის დროს ორსულებში განსაკუთრებულად მოიმატა სიკვდილიანობამ, მაშინ მოიმატა აცრებმაც, მოგვიანებით ისევ შენელდა. ახლა, ბოლო დღეებში, თითქოს ისევ მოიმატა. ჯერ კიდევ ეშინიათ, ფიქრობენ, რომ ორსულობის დასრულების შემდეგ აიცრან და გვიწევს მათი დარწმუნება. ხშირ შემთხვევაში, გვიჯერებენ, მაგრამ იმ პაციენტების გადარწმუნება, რომელთა ოჯახის წევრებიც არავაქცინირებულები არიან, თითქმის შეუძლებელია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვლევებმა დაადასტურა, რომ ის ორსულობის საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს, პირიქით, არავაქცინირებულებში, ვინც კარგად გადაიტანა ვირუსი, მაინც შეინიშნება ორსულობის შემდგომი გართულება, როგორიცაა პრეეკლამფსია. მოიმატა ნაადრევი მშობიარობისა და სისხლდენის რისკებმა, ჩვილებში ფილტვებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ა.შ.

შესაბამისად, ჩვენ მაინც ვურჩევთ აცრას ორსულ ქალს. მისთვის ეს უსაფრთხოა. შეიძლება ვირუსი შეხვდეს, მაგრამ აცრილებში არცერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა.

ჩვენ უნდა ვენდოთ ამ კვლევებს. აუცილებელია პანდემიის დამარცხება და ორსულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მისი სიცოცხლისათვის, რომ მომავალი თაობა ჯანმრთელი მოევლინოს ქვეყანას, აუცილებელია აცრა.

ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა ორსულს, მიუხედავად ვადისა, აუცილებლად აიცრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S