ვარშავაში აცხადებენ, რომ მიგრანტები 18 ნოემბერს 255-ჯერ შეეცადნენ საზღვრის უკანონოდ გადალახვას
19/11/2021 11:39:00 მსოფლიო
პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა სამართალდამცველებმა საზღვრის პირას მოწყობილი ბანაკები აიღეს და რამდენიმე ასეული მიგრანტი ერაყში გაამგზავრეს, არალეგალთა მცირე ჯგუფებმა კვლავ სცადეს ბელარუსის მხრიდან საზღვრის დარღვევა.
კერძოდ, როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური იუწყება, 18 ნოემბერს მიგრანტები 255-ჯერ შეეცადნენ საზღვრის უკანონო გადალახვას.
„ორი ჯგუფი შეეცადა საზღვრის გადმოლახვას. ერთ ჯგუფში 500 უცხოელი იყო, მეორეში - 50. ადამიანები აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის უფროსმა ანნა მიხალსკამ.
საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შედეგად ოთხი პოლონელი ჯარისკაცი დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობა მცირედით განიმუხტა, პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე საუბარი ვარშავაში ნაადრევად მიაჩნიათ, რადგან ევროკავშირმა უარი თქვა მინსკის წინადადებაზე, მიიღოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბელარუსში ჩასული 2000 მიგრანტი, რომლებსაც პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩასვლას სურთ.
18 ნოემბერს ბელარუსის ლიდერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბელარუსში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული 7 000–მდე მიგრანტი იმყოფება. ბელარუსი მზადაა, სამშობლოში 5 000 ადამიანი გააბრუნოს, ხოლო 2000 მიგრანტი ევროკავშირმა უნდა მიიღოს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირის დასაწყსში დაამტკიცეს სანქციების მორიგი პაკეტი ბელარუსის წინააღმდეგ.როგორც Reuters-ი იტყობინება, ახალი ზომები შემოღებულ იქნა ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ კრიზისთან დაკავშირებულია ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში მოხვედრაში უწყობს ხელს მიგრანტებს და ყველა პირობას ქმნის, რათა მათ ევროკავშირის საზღვარი საჭირო დოკუმენტების გარეშე გადაკვეთონ.


