
"სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა"
18/11/2021 21:29:03 პოლიტიკა, საზოგადოება
ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მოშიმშილე ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, შეიძლება, დღეს გულის წასვლის ეპიზოდი არ ყოფილიყო.
ექიმის თქმით, მისი რეკომენდაციაა, რომ სერიოზულ გართულებამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ საავადმყოფოში.
"ჩემი აზრით, არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია, იყოს. ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა", - განაცხადა ექიმმა ციხეში ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ახლა სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, მაგრამ ისეთი გართულებებიც შეიძლება, იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა.
"ყველა ექიმის რეკომენდაცია, ვისაც დღეს შევხვდით, ერთი და იგივეა, პაციენტი გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ განყოფილებაში", – დასძინა წულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.