
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკეთესია, სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში"
18/11/2021 17:18:52 პოლიტიკა, საზოგადოება
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკეთესია, სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში", – ამის შესახებ ობუდსმენის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ, იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უმჯობესია, გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში... ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების. [...] გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა - გადმოყვანის შესახებ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს. კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს, ალბათ, სააკაშვილის გადაყვანა.", – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებს შეხვდა.