
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი ორსულებს კორონავირუსზე აცრისკენ მოუწოდებს
18/11/2021 08:34:59 საზოგადოება
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს კორონავირუსზე აცრისკენ მოუწოდებს.
როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრისას აღნიშნა, ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში.
"ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს ჩვენ კორონავირუსით გარდაცვლილი 17-18 ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009, 2010 წელს გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს. ძალიან მაღალი ლეტალობა იყო მაშინაც, 34-მდე გარდაცვლილი გვყავდა. შემდეგ ვაქცინაციამ და მედიკამენტებით მართვამ ეს რაოდენობა შეამცირა. მომატებულია ინფიცირება ორსულებში. გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
მისი ინფორმაციით, ორსულის ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. ჟორჟოლიანის თქმით, კვლევების თანახმად ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება.