კაპიტოლიუმზე თავდამსხმელ "QAnon-ის შამანს" პატიმრობა მიუსაჯეს
18/11/2021 07:09:28 მსოფლიო
ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულ ჯეიკობ ჩენსლის იგივე "QAnon-ის შამანს" თავისუფლების 41 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. იგი დანაშაულს აღიარებს.
ბრალდების მხარე მისთვის ოთხზე მეტი წლით პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო ადვოკატები მხოლოდ 10-თვიან სასჯელზე საუბრობდნენ. ციხეში ყოფნის დროს, ჩენსლის შიზოფრენია, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია დაუდასტურდა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ჩენსლი დასამახსოვრებელი გახდა თავისი ჩაცმულობისა და რქებიანი ქუდის გამო. იგი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მაგიდასთანაც პოზირებდა, რომლის ფოტოებიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. შტურმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერი. ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან გამართულ მიტინგზე თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, სადაც არაერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია. "დემოკრატიულმა პარტიამ" თავდასხმის წაქეზებაში სწორედ ტრამპი დაადანაშაულა, რის გამოც წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტს იმპიჩმენტიც გამოუცხადა. თუმცა სენატმა ტრამპი დამნაშავედ არ სცნო და იმპიჩმენტი ვერ შედგა.


