
ნევროლოგი თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია
17/11/2021 16:49:33 საზოგადოება
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ ამჟამად პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დეწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სოცოცხლე საფრთხეშია.
მისი თქმით, მოშიმშილე სააკაშვილის ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა.
"ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცები გამოსწორებულია თითქოს იქ და ჩატარებულია ღონისძიებები, რომ გაუმჯობესდეს იქ მომსახურება.
მაგრამ, ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ, ეს არ არის ადვილი. ნამდვილად რთულია. ამიტომ გვერთულება ჩვენ და ამიტომ გვინდა ადამიანს, პაციენტს, როგორც ექიმები, სწორად მოვემსახუროთ და შევეცადოთ, რომ მისთვის უკეთეს გარემოში იქნას გადაყვანილი" - თქვა თენგიზ წულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ექიმმა თქვა:
„დიახ, პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა შიმშილობა, როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში, სადაც მულტიპროფილური გუნდი სწორად მუშაობს, დროულად და ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს". - ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ექსპრეზიდენტი 16 ნოემბრის საღამოს მოინახულეს, დღეს, 17 ნოემბერს კი თბილისში მარიოტში ომბუდსმენს ხვდებიან.