Accentnews.ge
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "ქალბატონ გიულის არაფერი უთხოვია პატრიარქისთვის"

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "ქალბატონ გიულის არაფერი უთხოვია პატრიარქისთვის"

17/11/2021 13:55:04 საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქ ილია მეორესა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, გიული ალასანიას პატრიარქისთვის არაფერი უთხოვია.

„ქალბატონი გიული მობრძანდა 11 რიცხვში... სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით, რომ რაღაც თხოვნას დააყენებდა ან შუამდგომლობას, რაც მოთხოვნები არის გარეთ - სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ, შეწყალებაზე... ეს არ ყოფილა. უფრო იყო პირადი შეხვედრა. [...] ქალბატონ გიულის არაფერი არ უთხოვია პატრიარქისთვის. მან აღწერა მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, დედის პოზიციიდან, მან თქვა, რომ იოლი და მარტივი არ არის შიმშილობის შემდეგ მისი [მიხეილ სააკაშვილის] რეაბილიტაციის პროცესი", – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, „პატრიარქმა შეხვედრაზე გამოთქვა იმედი, რადგანაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე განიხილა და შემდგომშიც გააგრძელებს ამაზე მსჯელობას, რომ ეს იქნება რაღაც გამოსავლის მომტანი“.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესა და გიული ალასანიას შორის შეხვედრის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ 13 ნოემბერს განაცხადა. ხერხეულიძის განცხადებით, მას სააკაშვილმა უთხრა, რომ შეხვედრას პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და პატრიარქის მდივან-რეფერენტი​ შორენა თეთრუაშვილი. მოგვიანებით გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა შეხვედრა პატრიარქთან, თუმცა დააზუსტა, რომ შეხვედრა იყო პირისპირ და მას საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S