
"გლდანის ციხის საავადმყოფოს მოშიმშილე პაციენტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს"
17/11/2021 12:37:09 სამართალი, საზოგადოება
გლდანის მე-18 დაწესებულების თერაპევტი სანდრო მათეშვილი აცხადებს, რომ ამ ციხის საავადმყოფოს მოშიმშილე პაციენტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
"მინდა განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. სხავადასხვა პერიოდში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში 2019 წლიდან დღემდე დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შემდგომი რეაბილიტაცია მათ გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ხოლო ნაწილს, რომლებსაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები და საჭიროდ ჩაითვალა, გადმოყვანილი იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია. მე-18 დაწესებულებას გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის. ასევე, მინდა განვმარტო, რომ ამ დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერთიფიცირებული კვალიფიცირებული პერსონალი, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია იმის მიხედვით, რამდენ ხანსაც ეს დასჭირდებათ", - განაცხადა სანდრო მათეშვილმა.