
"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არსებული ერთი ჯილდოც კი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი "ოცნება" თავის დამფუძნებლიანად"
17/11/2021 08:50:58 პოლიტიკა, საზოგადოება
მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, რომელიც მეორე დღეა, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, აცხადებს, რომ "ბიბლიოთეკაში არსებული ერთი ჯილდოც კი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი "ქართული ოცნება" თავის დამფუძნებლიანად".
"მთელ მსოფლიოს ქართველებმა ვანახეთ, როგორ ვათრიეთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამის ყურება ძაან ძნელია საზღვარგარეთ და ამიტომ პროტესტი უნდა გამოვთქვა - ჩამოვედი და ვაჩვენებ მთელ მსოფლიოს, რომ ამ საშინელებაში მონაწილეობას არ ვღებულობ. ვშიმშილობ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და ეს მარტო ბიბლიოთეკა არ არის, ეს არის დიდი მუზეუმი. აქ არის მისი ჯილდოები მთელი მსოფლიოდან. "ქართული ოცნება" უნდა დაინტერსდეს აქ რა ნივთები დევს. ერთი ჯილდო უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი "ქართული ოცნება" თავის დამფუძნებლიანად", აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.