
გადახდის ინტეგრირებული სისტემა ყვითელ მიკროავტობუსებშიც იმოქმედებს
17/11/2021 08:25:24 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყვითელ მიკროავტობუსებში გადახდის ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება.
მისი თქმით, იანვრიდან შემოვა სააბონემენტო სისტემა, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
"იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონემენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მარშუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები", - განაცხადა კალაძემ.