სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
17/11/2021 06:00:58 მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"რუსეთის მხარის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადგილობრივი დროით 18:30 საათიდან სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. ვითარება შედარებით სტაბილურია", - იტყობინება სომხეთის თავდაცვის უწყება.
ამასთან, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.
მანამდე, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ცნობისთვის: გუშინ სომხეთმა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიული მთალიანობის დაცვის თხოვნით მიმართა. მანამდე, ერევანი და ბაქო ავრცელებდნენ განცხადებებს საზღვარზე ლოკალური შეტაკებების შესახებ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის აღმსავლეთ მონაკვეთზე არტილერია და ჯავშანტექნიკა გამოიყენა.
სომხური მხარე 4 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, თუმცა დაზუსტებული მონაცემები გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ ამ დრომდე არ არსებობს. მისივე ცნობით, დააკავეს 13 სომეხი ჯარისკაცი, კიდევ 24 სამხედრო დაკარგულია.
თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ «მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ლაჩინის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული შენაერთების მიმართულებით».
ბაქო 7 დაღუპულისა და 10 დაჭრილის შესახებ იუწყება და ამასთან, ავრცელებს ინფორმაციას რამდენიმე სომეხი სამხედროს დაკავების თაობაზე.


