Accentnews.ge
ბელარუსის საზღვარზე კრიზისის შესახებ მერკელი ლუკაშენკას ესაუბრა, მაკრონი - პუტინს

ბელარუსის საზღვარზე კრიზისის შესახებ მერკელი ლუკაშენკას ესაუბრა, მაკრონი - პუტინს

16/11/2021 12:27:07 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან,– იუწყება Reuters.

მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთს გრძელდებოდა.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკოსებმა განიხილეს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე.

ეს მერკელის პირველი მოლაპარაკებებია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ასევე ითათბირეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა - ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა.

ისინი შეთანხმდნენ კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაზე დარჩნენ მისი გამომწვევი მიზეზების თაობაზე.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ კრიზისი გამოწვეულია ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებებით, რომელიც მიგრანტებს ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩასვლაში და ყველა პირობას უქმნის მათ, რათა შეძლონ ევროკავშირის საზღვრის გადალახვა საჭირო დოკუმენტების გარეშე. პოლონეთი მიიჩნევს, რომ სასაზღვრო კრიზისთან კავშირი აქვს არა მხოლოდ მინსკს, არამედ მოსკოვსაც.

ვლადიმირ პუტინი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მიგრანტები თავად მივიდნენ საზღვრამდე. რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ თემას შეეხება ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან საუბარში, იტყობინებიან პარიზიდან.

მაკრონმა პუტინს ასევე უთხრა, რომ მზად არის დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რომლის საზღვართან უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში „რუსეთის ჯარების დიდი კონცენტრაცია“ შეინიშნება. მანამდე რუსეთი გააფრთხილა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S