ეკონომიკის მინისტრი: "თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება "ენკას" მიერ, ასევე კომპანიის მხრიდან პროექტიდან გასვლა მისივე პირობებით"
15/11/2021 08:39:47 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია „ენკასთან" მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩვენ შორის ორი შეხვედრა შედგა და სამუშაო შეხვედრა კიდევ გაიმართება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა მათივე პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ქართული ეკონომიკის და ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დაახლოებით, ორი კვირის წინ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია "ენკასა" და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა ევროპაში შედგა.
"ენკამ" სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "ენკამ" ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.


