
ტორესა მოსი გაათავისუფლეს
14/11/2021 10:15:03 საზოგადოება
მწერალი, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი ტორესა მოსი გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 ნოემბერს დაინიშნა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა - მოქალაქეებმა წიგნები მიიტანეს და გალიებში ჩაკეტეს.
მწერალი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.
ტორესა მოსისთან ერთად, დააკავეს პარტიის სხვა ქალაქების წარმომადგენლებიც.