შარლ მიშელი თურქეთს მადლობას უხდის
12/11/2021 13:55:44 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა ოფიციალურ ანკარას შეთანხმების მიღწევისთვის, რომლის მიხედვით, ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს თურქეთის გავლით ბელარუსში ფრენა ეკრძალებათ.
„მადლობა თურქეთის ხელისუფლებას“, – დაწერა მან „ტვიტერზე“ და აქვე თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ოფიციალური „ტვიტერი“ გააზიარა, სადაც მითითებულია, რომ მიღებულია ზომები ევროკავშირსა და ბელარუსს შორის საზღვრის უკანონო კვეთის პრობლემის გადასაჭრელად.
ცნობისთვის: თურქეთის თხოვნის შემდეგ, ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიამ“ განაცხადა, რომ ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გამო, შეწყვეტს თურქეთიდან ერაყელი, სირიელი და იემენელი მგზავრების გადაყვანას. ამ დაპირებამდე ერთი დღით ადრე დასავლეთის სახელმწიფოებმა და გაერო–მ დაგმეს მინსკის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივ კონცენტრაციას პოლონეთის საზღვართან.
„ბელავიას“ განცხადების თანახმად, „თურქეთის ხელისუფლების თხოვნის პასუხად ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს არ მიეცემათ უფლება 12 ნოემბრიდან იმოგზაურონ თურქეთ-ბელარუსის რეისით“.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რომ ვითარება იძლევა ახალი საქციების სამართლებრივ საფუძველს. სანქციები დაუწესდება 30-მდე პირს, მათ შორის ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ ქვეყნის ავიაკომპანიას.
ევროკავშირის ლიდერები მინსკს ბრალად სდებენ, რომ ის იზიდავს მიგრანტებს ქვეყნებიდან, სადაც ომებია ან ღარიბი სახელმწიფოებიდან და შემდეგ განზრახ თავს უყრის მათ პოლონეთის საზღვართან, რათა ქაოსი წარმოქმნას ბლოკის აღმოსავლეთ კიდეზე.
ევროკავშირის მორიგი სანქციების პასუხად ალიაქსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს მისი ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირისა და ტვირთების ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა.


