
ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან საპროტესტო აქციები დასრულდა
12/11/2021 12:10:18 საზოგადოება
ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები დასრულდა.
ბრეგაძის უწყებასთან პროტესტის მონაწილეებმა მეტროს სადგურ 300 არაგველიდან გადაინაცვლეს, ხოლო ტიკარაძის უწყებასთან – მეტროს სადგურ დიდუბიდან. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაუბრებოდნენ. მიუხედავად მოწოდებებისა, მინისტრი მათ არ შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროსთან ხმაური და დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ექს–პრეზიდენტი მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
აქციების დასრულებისას ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ხვალინდელ აქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.