«Коммерсант»: პუტინსა და ბაიდენს წლის ბოლომდე ვიდეო-საუბარი აქვთ დაგეგმილი, 2022-ის დასაწყისში კი პირადად აპირებენ შეხვედრას
10/11/2021 08:54:12 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგა ჯოზეფ ბაიდენს მიმდინარე წლის ბოლომდე ვიდეო-საუბარი აქვთ დაგეგმილი, მომავალი წლის დასაწყისში კი პირადადაც გეგმავენ შეხვედრას, - იუწყება რუსული «Коммерсант».
გამოცემის ინფორმატორის ცნობით, შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით შეთანხმებული არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები, სხვა საკითხებთან ერთად, წინა სამიტზე მიღწეული შეთანბხმებების რეალიზებას განიხილავენ.
მომავალი კონტაქტების შესახებ ოფიციალური კომენტარები ჯერ-ჯერობით არც კრემლში გაკეთებულა, არც თეთრ სახლში.
პრეზიდენტების რანგში პუტინი-ბაიდენის ჯერ-ჯერობით ერთადერთი შეხვედრა მიმდინარე წლის 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა. მაშინ მხარეები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ.
ნოემბრის დასაწყისში "The New York Times" წერდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის "კონტაქტების მთელი სერია ჩატარდა": ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სამჯერ ჩავიდნენ მოსკოვში, რიგი შეხვედრები კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე - ფინეთსა და შვეიცარიაში გაიმართა. გამოცემის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებზე კიბერუსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის თემები იქნა განხილული.


