რუსეთის კოლონიაში მოთავსებულმა ამერიკელმა შიმშილობა გამოაცხადა
10/11/2021 08:05:35 მსოფლიო
ამერიკელმა ტრევორ რიდმა, რომელსაც რუსეთში 9 წლით კოლონიაში პატიმრობა აქვს მისჯილი, შიმშილობა გამოაცხადა,– იუწყება Reuters რიდის ნათესავებზე დაყრდნობით.
რიდის ადვოკატების სერგეი ნიკიტენკოს და ვიქტორია ბუკლოვას თქმით, რიდმა შიმშილობა 4 ნოემბერს გამოაცხადა საჯარიმო იზოლატორში მოთავსებისთვის, რასაც ის უკანონოდ მიიჩნევს.
რიდი, რომელიც არ აღიარებს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალეულობას, მორდოვეთის კოლონიაში იხდის სასჯელს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონულ სამმართველოში უარყოფენ ინფორმაციას რიდის შიმშილობის შესახებ.
მათი თქმით, რიდს კოლონიის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს შიმშილობის შესახებ განცხადებით და განრიგის მიხედვით იღებს საკვებს.
ტრევორ რიდი, რომელსაც რუსეთში ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა მოსკოვში 2019 წლის ზაფხულში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 16 ივლისს ეტაპით გადაიყვანეს მორდოვეთის კოლონიაში. მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო აშშ-ის მოქალაქის სააპელაციო სარჩელი.


