
ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა
10/11/2021 08:01:47 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა.
პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მას პირველადი დახმარება ადგილზე უტარდება.
ამ დროისთვის თბილისში ოპოზიციის აქციები 3 ლოკაციაზე – იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სუს–ის შენობასთან იმართება.
ყველაზე დაძაბული ვითარება სუს–თან არის. აქციის მონაწილეები ამჟამად სუს–ის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან, თუმცა დემონსტრანტების დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. მიზეზად ძალოვანები აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელთა მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას ასახელებენ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.
პროტესტი დაკავებების გარეშე მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს.
სამართალდამცველების განცხადებით, "შეკრებილები საზოგადოებივ წესრიგს არღვევენ". მათი თქმით, "სახელმწიფო უწყებების იკრძალება პიკეტირება და ბლოკირება".
იგივე გაიმეორა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემაც:
„სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია“.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
შსს ჯერ–ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის: ოპოზიციამ გუშინ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს 4 სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის – იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სუს–ის შენობასთან პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავდა.