Gulagu.net-ის დამაარსებელმა რუსეთში პატიმრების წამების ახალი კადრები გამოაქვეყნა
10/11/2021 07:39:53 მსოფლიო
უფლებადამცველ პროექტ Gulagu.net-ის დამაარსებელმა ვლადიმირ ოსეჩკინმა "იუთუბში" რუსეთის ციხეებში მსჯავრდებულთა წამების ამსახველი კადრების ახალი წყება გამოაქვეყნა. ამჯერად საქმე სარატოვის სატუსაღოს ტუბდისპანსერში პატიმრების გაუპატიურებას ეხება.
ოსეჩკინის განცხადებით, მსჯავრდებულთა მიმართ სქესობრივ ძალადობაში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც ციხის საავადმყოფოში სანიტრებად და სამეურნეო ნაწილის თანამშრომლებად არიან გაფორმებულები, კურირებას კი მათ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილება "М"-ის რეგიონული სამმართველოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე უწევდათ. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომელშიც ხსენებულ პირთა ვინაობებია დაკონკრეტებული. სულ სიაში 13 პირია.
ოსეჩკინის ინფორმაციით, ტუბდისპანსერში გადაღებულ ვიდეოებს შემდეგ გრიფით "საიდუმლო" უშიშროების ფედერალურ სამსახურში აგზავნიდნენ და თან ურთავდნენ მოხსენებებს "სპეცღონისძიებების ჩატარების თაობაზე". ამის შემდეგ სპეცსამსახურები ან იბირებდნენ ძალადობის მსხვერპლთ აგენტებად, ან, უარის შემთხვევაში, ძალადობის ფაქტის გახმაურებით პატიმრებში მათ დისკრედიტებას ახდენდნენ.
ცნობისთვის: ოქტომბერში ოსეჩკინმა კადრების პირველი წყება გამოაქვეყნა, რომელიც წარსულში რუსულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე პროგრამისტისგან ჰქონდა მიღებული. არქივის ნაწილი მედიაში უკვე გამოქვეყნდა და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტსაც გადაეგზავნა.


