გერმანია ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აანონსებს
10/11/2021 05:30:35 მსოფლიო
გერმანია ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აანონსებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.
"ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არაკეთილსინდისიერად იყენებს მიგრანტებს და აგზავნის მათ სასაზღვრო რეგიონში. იგი უნდა მიხვდეს, რომ მისი გათვლები არ მუშაობს. ევროკავშირის დაშანტაჟება არ შეიძლება. ევროკავშირი იმუშავებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასა და გამკაცრებაზე", - აღნიშნა მაასმა.
ევროკავშირი ბელარუსს ადანაშაულებს, რომ ის მიზანმიმართულად არ აკავებს მიგრანტებს და საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროპის ქვეყნებში უშვებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რესურსები მცირდება, რის გამოც მიგრანტებს ვეღარ შეაკავებს.


