
პარლამენტში, სადაც ელენე ხოშტარია შიმშილობს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და ექთნების ჯგუფი 24-საათის განმავლობაში იქნება მობილიზებული
08/11/2021 18:58:47 პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტში, სადაც დეპუტატი ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, შიმშილობს, ექიმები 24- საათიან მორიგეობას იწყებენ. ამის შესახებ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში მორიგეიბა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტროსგან დაევალა.
რაც შეეხება ხოშტარიას მდგომარეობას, როგორც ჩიმაკაძე აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
"პაციენტის მონიტორინგის მიზნით აქ იმორიგევებს ექიმის და ექთნის ბრიგადა, რომელიც მონიტორინგს ჩაუტარებენ პაციენტს. ჩვენ ახლახანს ვიყავით პაციენტთან, მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 - საათიან რეჟიმში იმორიგევებენ. ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო, მობილიზებულები ვართ. მედიკამენტები არ შეგვითავაზებია, ამ მომენტისთვის არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას", - განაცხადა ჩიმაკაძემ.