
რა წერია კონსილიუმის დღევანდელ დასკვნაში: "სააკაშვილი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში"
08/11/2021 17:00:37 პოლიტიკა, საზოგადოება
"პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია", - ამის შესახებ ნათქვამია დასკვნაში, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის.
5 ექიმიდან 2 კონსილიუმში მონაწილეობას დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით იღებდნენ. კონსილიუმის შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ ექიმებს პაციენტი 8 ნოემბერს ფიზიკურად და პირადად არ უნახავთ და მათი მსჯელობა ეყრდნობა პირადი ექიმის მოხსენებას.
"მკურნალი ექიმის გადმოცემით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, იმატა საერთო სისსუტემ, მეტად შენელებულია კონტაქტისას", - ნათქვამია კონსილიუმის ოქმში. აქვე აღნიშნულია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებული უარს აცხადებს ყოველგვარი წამლისა და საკვები დანამატის მიღებაზე.
"უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ ღებულობს დანშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%", - წერენ ექიმები.
დასკვნას ხელს აწერენ:
- ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;
- კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;
- პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;
- ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა);
- ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა).
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს". ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ცოტა ხნის წინ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. ამასთან, ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.