
სააკაშვილის ექიმი: "კონსიულიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში"
08/11/2021 13:23:38 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექიმთა კონსიულიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში.
"კონსიულიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში", – განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით, უფრო გაუარესებულია.
როგორც მან აღნიშნა, თავად მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ უნახავთ. გადაწყვეტილება დღევანდელი ანალიზების პასუხების მაჩვენებელზე დაყრდნობით მიიღეს. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მათთან შეხვედრაზე უარი თავად მესამე პრეზიდენტმა განაცხადა:
"გვითხრეს, რომ სააკაშვილს არ სურდა ჩვენთან შეხვედრა".
ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ ჰოსპიტალიზაცია დღესვე მოხდეს, თუმცა სად, ეს უცნობია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.