
სააკაშვილის მოსანახულებლად შვილები და დედა მივიდნენ
08/11/2021 10:26:23 პოლიტიკა, საზოგადოება
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სააკაშვილის დედა გიული ალასანია და შვილები – ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები მივიდნენ.
მათ ამ დროისთვის მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ცოტა ხნის წინ ექიმთა კონსილიუმიც შევიდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.