სპეციალისტები პურის ფასის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ
08/11/2021 09:17:51 ეკონომიკა
სპეციალისტები პურის ფასის მნიშვნელოვნად მატებას პროგნოზირებენ. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ფასმა 1.40 ლარს მიაღწიოს. ამჯერად მთავარ მიზეზად ჩიკაგოსა და პარიზის ბირჟები სახელდება, სადაც მხოლოდ ერთ კვირაში ხორბლის ფასი 320$–დან 350$–მდე გაიზარდა, რაც ბოლო 9 წლის ანტირეკორდია. 1 ივნისის მონაცემებით კი ხორბლის ღირებულება 240$ იყო.
პანდემიის ფონზე ეკონომიკების გაზრდის პარალელურად იზრდება სხვადასხვა პროდუქტზე მოთხოვნა, მათ შორის არის ხორბალიც, თუმცა მიწოდება მცირდება: სხვადასხვა ქვეყნები სასურსათო უსაფრთხოების მიზნით სულ უფრო და უფრო მეტ მარაგებს იკეთებენ, მათ შორის არის საუდის არაბეთი და ეგვიპტე, რომელთაც იმპორტის წილი გააორმაგეს, ექსპორტიორი ქვეყნები კი მიწოდებას ამცირებენ. იგივე რუსეთი, რომელიც 130–მდე ქვეყანას აწვდის ხორბალს, გეგმავს, შეამციროს მიწოდება და კვოტირების მექანიზმის გამკაცრებაზე მუშაობს.
სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ აღნიშნული პროცესები პროდუქტის ფასზეც აისახება და გაზაფხულიდან ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ.
„ასეთი მაღალი ფასი ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურსათო პროდუქტებზე ეს აისახება, იქნება ეს პურ თუ ხორცპროდუქტები. ბენზინიც გაძვირებულია, ესეც პრობლემაა. კიდევ სხვა პრობლემებია. ამდენად, ველი, რომ ახალი წლის შემდეგ ფასის თემა უფრო აქტუალურ გახდება, თუმცა აქტუალური გახდა მაშინაც, როდესაც ინფორმაცია მივიღეთ“,– განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.


