
საქართველოს 23 წლამდელთა ძიუდოისტების ნაკრები ევროპის ჩემპიონია
07/11/2021 19:12:42 საზოგადოება
საქართველოს 23 წლამდელთა ძიუდოისტების ნაკრები ევროპის ჩემპიონია.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე ფინალში საქართველომ რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ფინალში საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) და საბა ინანეიშვილმა (+100).
მანამდე, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის (4-2) და უნგრეთის (4-3) გუნდები დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.
ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.