Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, რა საკითხებზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ხვალისთვის დაგეგმილ სხდომაზე

გამყრელიძე განმარტავს, რა საკითხებზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ხვალისთვის დაგეგმილ სხდომაზე

07/11/2021 12:17:15 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხვალინდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ე.წ მწვანე ბარათებსა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებში ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღება.

გამყრელიძე აზუსტებს, რომ საუბარი არაა 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში სავალდებულო ვაქცინაციაზე, თუმცა დაგეგმილი ღონისძიებები ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრის მოტივაციის ზრდაზეა ორიენტირებული, ვინაიდან, მისი თქმით, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 60% სწორედ 60 წელს გადაცილებული პირია.

„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, "შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევისგან, ვინაიდან სამიზნე 60%ის ნაცვლად, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 33,3%-ია აცრილი":

„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გავსულიყავით, ახლა აცრილია 33,3 %. შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევასთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს – აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, რომ როგორმე მეტი ადამიანი აიცრას. მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“.

იგი აცხადებს, რომ მოვლენების პროგნოზირება რთულია, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო სავარაუდოდ, ქვეყანაში რთული ეპიდემიური სიტუაცია იქნება.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 4 104 შემთხვევა დადასტურდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S