
მეუფე სტეფანე ამბობს, რომ "ჩოხოსნები" მარტვილში საპატრიარქომ გააგზავნა
05/11/2021 17:10:25 საზოგადოება
ეპისკოპოსმა სტეფანემ მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. საუბარია ინციდენტზე, როდესაც გამთენიისას კელიები დაატოვებინეს მარტვილის მონასტერში მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებს. პროცესში სამართალდამცველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ "ჩოხოსნები". პოლიციამ დაპირისპირების მონაწილე 10-მდე პირი, სასულიერო პირები და "ჩოხოსნები" დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანა, 3 პირს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
პრესკონფერენციაზე ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნულმა ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსმა თქვა, რომ "ჩოხოსნები", რომლებმაც გამოაძევეს მის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები მონასტრიდან, მარტვილში საპატრიარქომ გააგზავნა წესრიგის დასამყარებლად. რადიო თავისუფლება შეეცადა საპარტიარქოს პრეს-მდივანთან, ანდრია ჯაღმაიძესთან დაეზუსტებინა, ვინ არიან "ჩოხოსნები" და რა ვადით ან რა მიზნით არიან ისინი გაგზავნილები ჭყონდიდის ეპარქიაში. ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
"ჩოხოსნები იყვნენ საპატრიარქოს მიერ წარმოდგზავნილი იმისათვის, რომ აქ წესრიგი ყოფილიყო. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელიც არის ჩოხოსნების მიერ დასჯილი ან დაშავებული" - თქვა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს მედიასთან და შემდეგ მოყვა საკუთარ ვერსიას იმის შესახებ, რა მოხდა გამთენიისას მარტვილის მონასტერში:
"ეს ხალხი ვინც აქ იყო და წავიდნენ აქედან, იყვნენ ვინ იცის, რამდენჯერ გაფრთხილებულები და დასჯილები. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ამის შემდეგ მომიწია ჩემი განჩინების გამოქვეყნება, რომლითაც მათ, როგორც სასულიერო პირებს უნდა დაეტოვებინათ ეპარქია. არავისგან არ ყოფილა არანაირი ძალადობრივი ქმედება. არც პოლიციის მხრიდან არ ყოფილა ძალადობა, არც ჩოხოსნების მხრიდან. ძალადობა იყო მათი მხრიდან და ეს დაფიქსირებულა, მერე შეგიძლიათ ნახოთ, მაგის საშუალებაც იქნება.
ესენი, [განკვეთილი სასულიერო პირები] ყველანი გამოსულები იყვნენ კელიებიდან და საპატრიაქოს წარმომადგენელმა უთხრა მათ, ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები მათ, აღარ ეკუთვნით და შეეძლოთ დაეკავებინათ კელიები, ვინაიდან ასეთია კურთხევა ჩემიც პირადად და საპატრიარქოსიც. მათ დაიკავეს კელიები და იქ შესვლის უფლება აუკრძალეს უცხო პირებს, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან თვითნებურად და თავხედურად. აქედან გამომდინარე არანაირი ძალადობა იქ არ განხორციელებულა."
ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი ამბობს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში თავშესაფარი აღმოუჩინოს დასჯილ და განკვეთლ სასულიერო პირებს, მხოლოდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც ისინი წლების განმავლობაში მსახურობდნენ, არამედ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, საიდანაც მოვიდა სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდში. დასჯილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ ღამის გასათევი აქვთ და ჭყონდიდის ეპარქიაში რჩებიან.
"ვისაც ჭირდება თავშესაფარი, მივცემ თავშესაფარს, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. ჩემი დამოკიდებულება მათდამი არის სულ ასეთი ლმობიერი. ბოლოს რომ მოვიდნენ ჩემთან, თავდასხმა რომ მომიწყვეს, მაშინაც ვკითხე, როგორ გელაპარაკოთ, როგორც ბერებს თუ როგორც კრიმინალებს. როგორც ბერებს მათ ლაპარაკი არ უნდოდათ" - თქვა დღეს ეპისკოპოსმა სტეფანემ.
ჟურნალისტები მარტვილის მონასტერში დღეს მხოლოდ ეპისკოპოსის პრესკონფერენციაზე დასასწრებად შეუშვეს და დამთავრებისთანავე დაატოვებინეს მონასტრის ეზო. მთელი დღის განმავლობაში მონასტერს პოლიცია იცავს.